სოფლის მეურნეობა

      სოფლის მეურნეობას რაჭის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს. ამ დარგში შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტია დასაქმებული. ძირითადად, ისინი თვითდასაქმებულთა კატეგორიას განეკუთვნებიან და თავიანთ ოჯახურ მეურნეობებში საქმიანობენ. სოფლის მეურნეობა არ არის სათანადოდ მოდერნიზებული და ძირითადად, ნატურალური მეურნეობის ნიშნებს ატარებს. მეტწილად იგი
ორიენტირებულია არაბაზარსა და პროდუქციის წარმოებაზე, არამედ კომლის სასურსათო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანი დისპროპორცია შეინიშნება დასაქმებულთა რაოდენობასა და პროდუქციის მოცულობას შორის. რეგიონი მცირემიწიანია. გარდა ამისა, რელიეფისა და სხვა ფაქტორების გამო, იგი გამოირჩევა ფართობების ფრაგმენტაციით, რაც ძალზე ართულებს მეურნეობების გამსხვილებას. რეგიონში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების სტრატეგიული მიმართულებაა მევენახეობა, რომელიც, ძირითადად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი.
    მხარის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 66%  საძოვრებზე მოდის , სახნავ-სათესზე - 7%, სათიბზე - 23%, ხოლო მრავალწლიან ნარგავებზე - 4%. რეგიონის ერთ-ერთი პრობლემაა აუთვისებელი სავარგულები - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და მიტოვებული გაბუჩქებულ-გაუხეშებულ-დასარევლიანებული ფართობები. 
რაჭაში აღრიცხული არ არის სასოფლო-სამეურნეო მიწის მნიშვნელოვანი ნაწილი.
     
     მემცენარეობა. მხარეში მემცენარეობის პრიორიტეტული მიმართულებაა მევენახეობა, რომელიც წარმოდგენილია ამბროლაურისა მუნიციპალიტეტში. ყოველწლიურად საშუალოდ მოდის 760 ტონა მუჯურეთული და ალექსანდროული, 300 ტონა რაჭული თეთრა.
  ერთწლიან კულტურებში ძირითადი ადგილი უკავია სიმინდს და ლობიოს (რეგიონში ლობიო, ძირითადად, სიმინდთან ერთადითესება) წარმოებას. 
 რაჭაში მემცენარეობის პროდუქტიულობა ძალზე დაბალია, რასაც განაპირობებს თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაბალი ინფორმირებულობა, შრომის დაბალი ორგანიზებულობა, მოძველებული და ამორტიზებული გენეტიკური მასალა, ფინანსების არასათანადო ხელმისაწვდომობა, ექსტენციისა და მომსახურების ცენტრების სიმცირე, სავარგულების დეგრადაცია და ამორტიზება, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა, მიმღები და გადამამუშავებელი საწარმოების სიმცირე და სხვ.

     მეცხოველეობა. მეცხოველეობა მხარეში ერთ–ერთ წამყვან დარგს წარმოადგენს და ის ფერმერთა და გლეხური მეურნეობების ძირითადი შემოსავლის წყაროა. რაჭაში
მეცხოველეობა, ძირითადად, წარმოდგენილია მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვით და შესაბამისად, მეცხოველეობის ძირითადი მიმართულება ხორცისა და რძის წარმოებაა. აქ
დამზადებული ხორცისა და რძის პროდუქტი არის ეკოლოგიურად სუფთა, გემრიელი და ჯანსაღი. მხარეში ყოველწლიურად იკლებს მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის რაოდენობა, რაც, ძირითადად, მოსახლეობის მიგრაციით და საქონლის საკვები ბაზის დეფიციტით იყო განპირობებული. საკუთარი საჭიროებისათვის,  მოსახლეობას, როგორც წესი, ჰყავს 1-2 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
      მხარეში შედარებით სუსტადაა განვითარებული მეღორეობა და მეფრინველეობა, რაც ძირითადად, რამდენიმე წლის წინ საქართველოში ქათმის გრიპისა და ღორის აფრიკული ციებ-ცხელების გავრცელებას უკავშირდება. ღორის სულადობის კლება 2007 წლიდან დაიწყო. თუმცა, 2011 წელს, 2007 წელთან შედარებით, ღორის რაოდენობა გაორმაგდა.
       ორივე მუნიციპალიტეტში ფართოდ არის გავრცელებული მეფუტკრეობა. აქაური თაფლი გამორჩეულია გემური და სამკურნალო თვისებებით, რაც გამოწვეულია ხე-
მცენარეებისა და ყვავილოვანი მცენარეების არაერთგვაროვნებით. მხარეში მეფუტკრეობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.
    რაჭაში არსებული შაორის წყალსაცავი და არსებული მთის ცივი მდინარეები განაპირობებს მეთევზეობის მეურნეობების არსებობას. 
        სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოები, ძირითადად, წარმოდგენილია ალკოჰოლური და მეცხოველეობის პროდუქტის მწარმოებელი ქარხნების სახით. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს 6 საამქრო (დასაქმებულია 89 ადამიანი), რომელთაგან 4 ალკოჰოლური მიმართულებისაა. ღვინის საწარმოები, ძირითადად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. რეგიონში არსებული 5 საწარმოდან, ამ ეტაპზე მზა პროდუქციას მხოლოდ 2 საწარმო აწარმოებს, ხოლო დანარჩენი 3 ქარხანა სეზონურად მუშაობს და ღვინომასალებს ამზადებს, რომლებიც შემდგომ რეგიონის გარეთ ჩამოისხმება. 
       ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოქმედებს გარეული ხილის ჩირის საშრობი საწარმო „აგროფლაუერი“, რომელიც იღებს, აშრობს და აფასოებს შემდეგ სამკურნალო მცენარეებს: ასკილი, ჭინჭარი, ცაცხვის ყვავილი, ფირისულას ძირები, შავყვავილა, დეკა. აღნიშნული პროდუქტის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე გერმანიაში. 
   ონის მუნიციპალიტეტში მოქმედებს მეცხოველეობის პროდუქტების გადამამუშავებელი ორი საამქრო. გასულ წლებში ფუნქციონირებდა საკონსერვო ქარხანა, ყველ-კარაქის საამქრო და რაჭული ლორის გამომყვანი საწარმო. ამ წარმოების პოტენციალი მხარეში ამჟამადაც არსებობს და შესაბამისი ინვესტიციების მოძიების შედეგად, შესაძლებელია აღდგეს აღნიშნული საწარმოების ფუნქციონირება.
მიმღები და გადანაწილების ცენტრები რეგიონში არ არსებობს. რეგიონის მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, დიდი მოცულობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ გვხვდება და აქედან გამომდინარე, რეგიონში წარმოებული პროდუქცია (ყურძენი, ხილი, სიმინდი, ლობიო და სხვ.) დიდი მოცულობის სასაწყობე-სამაცივრე მეურნეობის შექმნას არ საჭიროებს.

1 комментарий:

თქვენ ხართ სტუმარი N